აფთარივით მოქნილი და მოუსვენარი, მდგომარეც მოძრაობისთვის დაძრული, სახე ეშხით სავსე, შავგვრემანი, სანდომიანი, ჯანსაღი და მიმზიდველი ბრდღვიალა თვალები, სწორი ცხვირი და ლამაზი ბაგე-კბილი, მტკიცე მოხაზული ტუჩები და მოკლედ შეკრეჭილი ულვაშები – ასეთი იყო კოტე მარჯანიშვილის გარეგნობა – რეჟისორის, რომელმაც თავისი ვალი მოიხადა დრამის, ოპერისა და ოპერეტების წინაშე, მუშაობდა კინემატოგრაფიაში, გატაცებული იყო პანტომიმით, განზრახვა ჰქონდა, ემუშავა ცირკში.

კოტე მარჯანიშვილი 1872 წელს ყვარელში დაიბადა. განათლება თბილისის პირველ გიმნაზიაში მიიღო, სადაც სასკოლო წარმოდგენებში მონაწილებდა ხოლმე. თეატრის გარემო მისთვის უცხო არც სახლში იყო. ქართული თეატრის ბრწყინვალე არტისტები: ვასო აბასიძე, კოტე მესხი, მაკო საფაროვა-აბაშიძე და ლადო მესხიშვილი ხშირად სტუმრობდნენ მარჯანიშვილის სახლს. ეს მოწინავე ოჯახი თეატრისა და პოეზიის ყოველი წარმომადგენლისთვის კარს ფართოდ აღებდა. ქართულ თეატრს მუდმივი ჭერი არ ჰქონდა და ხშირად რეპეტიციები მარჯანიშვილის ბინაში იმართებოდა. ყოველივე ამან კოტეს საშუალება მისცა თეატრის რეპეტიციები ბავშვობიდანვე ენახა.

მისი თეატრით გატაცება ნელ-ნელა სულ უფრო აშკარა ხდებოდა, თუმცა კოტეს მსახიობობას არავინ ურჩევდა, რადგან იმ პერიოდში არტისტების მდგომარეობა აუტანელი იყო. შინაური წარმოდგენების გამართვას კი, როგორც გასართობს, ისე უყურებდნენ. კოტეც ამით სარგებლობდა და ყვარელში მათ ხშირად აწყობდა. თავად იყო რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, აკეთებდა დეკორაციებს, აგებდა სცენას. წარმოდგენები ადგილობრობრივებში დიდი მოწონებით სარგებლობდნენ, თუმცა კოტემ ერთი გლეხისგან შენიშვნა მაინც მიიღო. დადგმული პიესები რუსულენოვანი იყო, ქართველ გლეხებს კი უცხო ენა არ ესმოდათ. კოტემ შენიშვნა უმალ გაითვალისწინა და „კაკო ყაჩაღი“ დადგა, რასაც საყოველთაო აღფრთოვანება მოჰყვა. წარმოდგენის გასამართად კოტე თელავშიც მიიწვიეს, სადაც შემდგომში არაერთი საქველმოქმედო სპექტაკლი დადგა, რისთვისაც ილია ჭავჭავაძის „ივერიამ“ სამადლობელი წერილი მიუძღვნა.

კოტეს პროფესიულ სცენაზე ასასვლელად, ერთი შეხედვით, ყველაფერი მზად იყო. სურვილიც დიდი ჰქონდა, მაგრამ სირთულე ამ ხელოვნებისა აშინებდა, რადგან პროფესიონალური განათლება არ ჰქონდა და მისი შეძენაც ადვილი არ იყო. ოჯახური პირობები, რომლებმაც მას ფუფუნებით სავსე ბავშვობა შეუქმნა აღარ არსებობდა. დედის გარდაცვალების შემდეგ ოდესღაც დოვლათით სავსე ოჯახი უკან-უკან წავიდა და კოტემ გაფიქრებაც ვერ მოასწრო მატერიალური ბაზა ხელიდან ისე გამოეცალა.

მიუხედავად ამისა, მისი პროფესიულ სცენაზე ასვლა მაინც მოხდა. დებიუტი 22 წლის ასაკში ქუთაისის თეატრში შედგა. იმავე წელს თბილისელი მაყურებლის წინაშე ერეკლეს როლში წარსდგა („პატარა კახი“). მან მაყურებლის გულის მოგება მალევე შეძლო, მისი ნიჭით უამრავი ადამიანი აღფრთოვანდა. ჩქარი მოფიქრებისა და ათვისების ნიჭით დაჯილდოებულმა ისიც იცოდა, რომ ბევრი მუშაობა სჭირდებოდა. ვარჯიშებითა და რეპეტიციებით სულ მალე საოცარი ოსტატობა შეიძინა, თუმცა ქართული თეატრის სინამდვილე გამოცდილების განმტკიცება-განვითარების საშუალებას არ აძლევდა.

კოტეს უკანასკნელი როლი ქართულ სცენაზე „ბოშა ქალი ზანდაში“ იონელი იყო. პიესა ცუდი ენით იყო ნათარგმნი და მოკლე დროში დაიდგა. სპექტაკლის შემდეგ დაწერილ რეცენზიებში კოტეს შესრულებული როლი დაუწუნეს. მთავარ მიზეზად მისი გულგრილი დამოკიდებულება და უპასუხისმგებლობა დაასახალეს. საყვედურმა მსახიობს გული ძალიან ატკინა და ქართული თეატრიდან გაქცევა აიძულა.

სამსახიობო მოღვაწეობას კოტე რუსეთში აგრძელებს. ის რუსი მაყურებლის აღტაცებასა და აღფრთოვანებასაც მალევე ახერხებს. მას უკვე არა ერთ დასში იწვევენ. 1901 წლიდან კი ჩეხოვის „ძია ვანიას“ დადგმთ მისი რეჟისორული ნათლობაც ხდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც მსახიობობას, ისე რეჟისორობას ერთდროულად ახერხებს. შემდგომში კი მთლიანად სარეჟისორო საქმიანობაში ერთვება. მოწვევებს ხარკოვის, კიევისა და ოდესის თეატრებიდან იღებს. კლასიკურ და თანამედროვე პიესებს საუკეთესოდ დგამს და პერსპექტიული, ნიჭიერი რეჟისორის სახელს იხვეჭს.

მალე მას მოსკოვში, ნეზლობინის თეატრში იწვევენ, სადაც ჰამსუნის „ცხოვრების ბრჭყალებსა“ და იბსენის „პერგიუნტს“ დგამს. გარდა ამისა, „ძმები კარამაზოვებისა“ და „ჰამლეტის“ სასცენო განხორციელებებში მონაწილეობს. ამის შემდეგ, მარჯანიშვილი მოსკოვში „თავისუფალ თეატრს“ აარსებს. აქ განხორციელებული ნოვატორული, მარჯანიშვილისეული, სპექტაკლები ვახტანგოვისა და სხვა ავანგარდული მიმდინარეობის თეატრებზე შთამაგონებელ გავლენას იქონიებს. რეჟისორულ ბიოგრაფიაში ასევე აღსანიშნავია კიევში ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროს“ გახმაურებული დადგმა. მომდევნო წლებში კოტე სხვადასხვა ქალაქებში თეატრებს აარსებს, ქმნის ლექტორიუმებსა და ახალგაზრდებში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

1922 წელს მდიდარი გამოცდილებისა და ავტორიტეტის მქონე რეჟისორი სამშობლოში ბრუნდება. ამ დროისათვის ქართული თეატრი უმძიმეს დღეშია. გასაბჭოების პროცესმა გავლენა მასზეც მოახდინა. თეატრი დახურვის პირას იდგა, რისგანაც მარჯანიშვილმა „ცხვრის წყაროს“ დადგმით იხსნა. 1922 წლის 25 ნოემბერი – ქართული თეატრის ისტორიაში ღირსშსანიშნავი თარიღია. ის განახლებისა და ახალი ხანის დასაწყისია.

კოტეს სამშობლოში დარჩენას სთავაზობენ, რასაც თანხმდება და რუსთაველის სახელობისა და საოპერო თეატრებში აქტიურ მოღვაწეობასაც იწყებს. ასევე მნიშვნელოვანია მისი როლი ქართულ კინემატოგრაფიში. მარჯანიშვილს გადაღებული აქვს ფილმები: „ქარიშხლის წინ“ ; „სამანიშვილის დედინაცვალი“ ; „კრაზანა“ და სხვა.

რუსთაველის თეატრში მოღვაწეობას კოტე თავის მოწაფე სანდრო ახმეტელთან ერთად აგრძელებს, თუმცა მათ შორის დაპირისპირება ხდება და მარჯანიშვილი დასთან ერთად ქუთაისის თეატრში გადადის, თუმცა გასტროლებზე თბილისში მალევე იწვევენ, რომელიც ტრიუმფით სრულდება. ხალხს სპექტაკლის შემდეგ მარჯანიშვილი ხელში აყვანილი გამოჰყავს. ამის შემდეგ, რეჟისორი გადაწყვეტს თეატრი თბილისში გახსნას – ასე დაარსდა ახლა უკვე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი.

თბილისში მოღვაწე დასს გასტროლებით მოსკოვსა და კიევში იწვევენ, სადაც არნახულ წარმატებას აღწევს. ქართული თეატრის ისტორიაში საოცარი ეპოქა დადგა და სწორედ ამ დროს რეჟისორსა და მსახიობებს შორის დაპირისპირება ხდება. მსახიობთა დასს პრეტენზიები უჩნდება. ისინი ამბობენ, რომ მარჯანიშვილი მოძველდა და განვითარების ახალი გზების ძიებაა საჭირო, თუმცა ვის უნდა მოეძებნა ეს ახალი გზები, არავინ იცის.

ასე თუ ისე, კოტეს სამშობლოში გული კიდევ ერთხელ ატკინეს. ის წავიდა თავისივე დაარსებული თეატრიდან და წავიდა საქართველოდანაც. მოსკოვის ყველა თეატრის კარი მისთვის ღია იყო და მოღვაწეობაც იქ გააგრძელა, თუმცა ძალიან მალე, რეპეტიციის დროს, 61 წლის ასაკში, კოტე მარჯანიშვილი გარდაიცვალა. მისი ფერფლი თბილისში ჩამოიტანეს და ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში დაკრძალეს, მოგვიანებით კი მთაწმინდაზე გადაასვენეს.

კოტე მარჯანიშვილმა მეოცე საუკუნის თეატრის ჩამოყალიბება-განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მან ორ ქვეყანას- საქართველოსა და რუსეთს ეპოქა შეუქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან წასვლა რამდენჯერმე გულნატკენს მოუწია, რეჟისორმა თავის მემუარებში დაწერა: „გულითადი მადლობა დიდ რუსეთს. მან მომცა უნარი ადამიანის სულის კუნჭულებში ჩაწვდომისა. მიმაჩვია ჩემი არსების შიგნიდან ცხოვრების განსჭვრეტას, მაგრამ მის მშვენიერ სუსხიან დღეებს არ ჩაუკლავთ ჩემში მოგონებანი მშობლიური მხურვალებისა. მის მშვიდ გულკეთილობას წუთითაც არ გაუნელებია მშობლიური რიტმები, ქართული ტემპერამენტი, ფანტაზიის თავშეუკავებელი რბოლა, რაც მომცა ჩემმა პატარა, საყვარელმა, საქართველომ.”

ავტ. ქეთევან ბაჭველაშვილი
წყარო: sazogadoeba.ge
2014 წ.