– რაღაც უნდა გითხრათ, მაგრამ ამას ნუ გამოაქვეყნებთ…

– შევეცდები, მაგრამ პირობას ვერ მოგცემთ.

– მე ერთი ….. , მაგრამ ხელოვნებაზე შეყვარებული, გადაჭარბებული პასუხისმგებლობით „დაწყევლილი“ კინორეჟისორი ვარ და მოდით, ამ ინტერვიუშიც ჩემზე ბევრ საქებარ სიტყვას ნუ იტყვით. ზოგადად ვისაუბროთ ქართულ კინოზე…

„ ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“, „ზოგი ჭირი მარგებელია“, „კარიერი“, „როცა დედები შინ არ არიან“, „ უცხო ფრინველი“… ამ ფილმების რეჟისორი პავლე ჩარკვიანი დღეს ჩვენი სტუმარია და შეთანხმებისამებრ „ზოგადად ქართულ კინოზე“ ვსაუბრობთ.

– ბატონო პავლე, თქვენს ფილმებს იცნობენ, თქვენ – ნაკლებად. არ გწყინთ?

– პირიქით რომ ყოფილიყო, ეს უფრო მეწყინებოდა.

40 წელი ემსახურეთ ქართულ კინოს. დღეს რას საქმიანობთ?

– ვპენსიონერობ… შეთავსებით კი ვბერდები. ესეც ხომ თავისებური საქმიანობაა?…

-ესე იგი, კინოს საბოლოოდ ჩამოშორდით?

-არა, რატომ? დროდადრო კამერასთან მაინც მიწევს დგომა… სიზმარში…

 სიზმრის კეთილად ახდენას გისურვებთ.

– გმადლობთ, მაგრამ ეს რიტორიკული სურვილია. აი, იმაზე კი ნამდვილად ვწუხვარ, რომ მე აღარასოდეს…

-მოდით, „არასოდეს ვთქვათ არასოდეს“ როცა ეს ჩვენს სანუკვარ სურვილებს ეხება… წეღან საუბარში აღნიშნეთ, რომ აღარ ხართ ბრძოლის მთავარსარდალი… ფილმის გადაღება ბრძოლაა?

– დიახ, ეს ლოკალური მნიშვნელობის ომია და ამ ომის მთავარსარდალი რეჟისორია. როდესაც ფილმის გადაღებას იწყებ, შენ იწყებ ბრძოლას მოსაგებად, ან წასაგებად. თუ ცუდი ფილმი გამოვიდა, პირველ რიგში, დამნაშავე რეჟისორია, ხოლო თუ კარგი ფილმი გამოვიდა, „ დამნაშავე“ ისევ რეჟისორია. სხვათა შორის, ჩემს უკანასკნელ “ბრძოლას” შეეწირა ჩემი ჯანმრთელობაც. ბოლო ფილმზე „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ მუშაობისას ინფარქტი გადავიტანე. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და უსახსრობის გამო, 1992 წელს ჩაშვებული ფილმი 1998 -ში გამოვიდა. გაჭიანურება ყველაფერზე აისახება: ფილმის ხარისხზე, ადამიანის ნერვებზე და ა. შ. როდესაც შენ შემოქმედებაში გულსა და სულ ჩადებ (ამის გარეშე კი ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნის ხელოვანი) და დასასრული არ ჩანს, ეს განადგურებს. რეჟისორი, რომელიც ფილმის გადაღებას იწყებს, არ უნდა გაამათხოვრო და ფულის საშოვნელად კარდაკარ არ უნდა გაუშვა. ეს მას ამცირებს და ღირსებას ულახავს.

– მახსოვს, ერთ-ერთმა კონოკრიტიკოსმა ასეთი სიტყვები თქვა: „ქართული კინოს ფენომენი გაქრა“… თქვენ როგორ შეაფასებთ დღეს ქართულ კინოს?

– ქართული კინოს ფენომენი არსად არ გამქრალა. ის ისევ არის და მხოლოდ ხელშეწყობა სჭირდება. მეჩეჩზე შერჩენილ გემს რა სჭირდება რომ გაცუროს? – მოზღვავება. როგორც გემი ვერ გაცურდება წყლის გარეშე, ისე კინო ვერ განვითარდება ფულის გარეშე. ეს სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს. ხელისუფლების მხრიდან კინოს დაფინანსება „პიარულად“ და „მიშურად“ ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის. ნახეთ თურქეთი! ჩადეს ფული და სასურველი შედეგიც მიიღეს. თუ ჩვენშიც ასე მოხდება, წარმატება არ დააყოვნებს. საქართველო ხომ ხელოვნების ნიშნით აღბეჭდილი ქვეყანაა.

და კიდევ: ხელოვანმა არ უნდა იტრიალოს „სასახლის კარზე“, – ეს ხელოვნებას ხელს უშლის.

უნდა არსებობდეს რაღაც გზები, რომ ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფმა ნაკლებად ნიჭიერმა არ გადათელოს ძალიან ნიჭიერი. მაშინ ქართული კინო გაცოცხლდება.

იშვიათ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, სმწუხაროდ, საქართველოში მაინც დარჩა ხელოვანის წარმომავლობა მისი მომავალი წარმატების განმსაზღვრელი – თუ რეჟისორების წრიდან, ან მსახიობების ოჯახიდან არ ხარ, მაინც გიჭირს დამკვიდრება და გზის გაკვალვა.

-ეს დღეს კიდევ იგრძნობა?

-თუ გრძნობა გაქვს, იგრძნობა..

-დღეს ბევრი ხელოვანი ტოვებს თავის სფეროს და პოლიტიკაში მიდის. როგორ შეაფასებთ ხელოვნებიდან პოლიტიკაში „გადაბარგებას“ ?

– მე არ მივესალმები ნიჭიერი ხალხის პოლიტიკაში წასვლას. თუმცა ქვეყნის მიმართ გულგრილი არავინ უნდა იყოს. რაკი ადამიანი ნიჭიერია, ხალხმა გამოარჩია და შეიყვარა, მას უსმენს ხალხი და თავისი სიტყვა უნდა შეაწიოს ქვეყანას, თუმცა არ არის აუცილებელი პოლიტიკაში გადაინაცვლოს. ამ ტენდენციას მე გადაბარგებას კი არა, ორ სკამზე ჯდომას, ან თუნდაც ორი კურდღლის დევნას დავარქმევდი. უმეტეს შემთხვევაში ამას სასურველი შედეგი არ მოაქვს.

– ისევ კინოს დავუბრუბდეთ. როგორ ფიქრობთ, რა დაემართა ქართულ კინოს, როდესაც ის საბჭოთა ცენზურისგან გათავისუფლდა და განვითარების ნაცვლად, თითქოს, ყველაფერი გაჩერდა. როგორ შეაფასებთ ქართული კინოს განვითარების ისტორიის ამ მონაკვეთს – 90 -იანი წლებიდან დღემდე და დღეს რამდენად ჩართულია სახელმწიფო ეროვნული კინემატოგრაფიის განვითარებაში?

-ქართულ კინოში 90 -ან წლებში და მის შემდეგაც ისევ ის ხალხი იყო, ისევ ის პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ არ იყო დაფინანსება. ქვეყანას ისე ძალიან უჭირდა, რომ ამაზე ვერავინ ფიქრობდა.

მე არ მიყვარს „წაქცეული კაცის ცემა“, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი: იმის მაგივრად, რომ ქართული კონო განევითარებინათ და აეღონძინებინათ, კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ზურგი შეაქციეს და დაფინანსების გარეშე დატოვეს. ქართული ფილმის საპირწონედ შეიქმნა კინოცენტრი, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ნახეთ, როგორ ფინანსდება? – ფინანსდება გარკვეული ნაწილი, დანარჩენი ისევ ფილმის რეჟისორმა და პროდიუსერმა უნდა უნდა მიოძიონ. ქართული კინო, დღეს არსებული „თანადგომით“, მაინც განწირულია.

-კინოარქივზეც მინდა გკითხოთ. რა მდგომარეობაშია ჩვენი საცავი?

– ფილმის ნეგატივები დღემდე მოსკოვში ინახება. ჩვენ არ გვაქვს საცავი. ხელისუფლების ხელშეწყობითა და თანხმობით ჩვენ დავიწყეთ საცავის მშენებლობა, თუმცა ეს პროცესი მალე შეჩერდა. დღეს ამ შენობაში ტელეიმედია განთავსებული. ჩვენ არ გვაქვს ნეგატივის სცავი. მე არ ვიცი რა ბედი ეწევა იმ ნეგატივებს, რომლებიც გადაღებულია თავისუფალ საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

– და თუ რეჟისორმა წინასწარ იცის, რომ შეიძლება მისი ფილმი დაზიანდეს და არა აქვს გარანტია, რომ ის დაცული იქნება, მაშინ რა აზრი აქვს მის გადაღებას ?

– გეთანხმებით, ამ კითხვას მეც დავსვამდი… უბრალოდ რჩება პოზიტივი, გადააქვთ მაგნიტურ ფირზე ფილმი და ასე ინახავენ. დღეს ფილმების ნაწილი ინახება ლაბორატორიაში და ეჭვი მეპარება რომ იქ „ინახება“. ამაზე უნდა იზრუნონ კონემატოგრაფიის კავშირის წევრებმა, კულტურის სამინისტრომ, ხელისუფლებამ, კინოსტუდიამ, რადგარ ეს ლაბორატორია მაინც კინოსტუდიის საკუთრებაა და საერთოდ, ყველა თაობის ადამიანმა.

-რატომ ვერასოდეს მოხერხდა, რომ სხვადასხვა თაობის რეჟისორები, მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, გაერთიანებულიყავით და ამგვარი პრობლემები ერთობლივად გადაგეჭრათ?

– გათითოკაცებულები ვართ და ეს არის ჩვენი პრობლემა. საერთოდ, ნიჭიერი ადამიანები ძნელად ერთიანდებიან. რადგან ნიჭიერი ადამიანი ინდივიდუალია და თავისი იდენტობის შენარჩუნება სურს.

ზოგადად, ჩვენში ბავრი რამის დეფიციტია, მაგრამ ყველაზე დიდი დეფიციტი სიმართლის დეფიციტია. ის ხელოვანი, რომელიც „სასახლის კარზე“ ტრიალებდა და ვისაც სიტყვა ეთქმოდა, ასევე ბენეფიციარებს, რომლების საკმაოდ სოლიდურ დახმარებას იღებდნენ, – მოთხოვნებს არ დააყენებდენ, თორემ ერთიანობა და მართალი პროტესტი თავის ნაყოფს აუცილებლად გამიოღებდა.

-ახალგაზრდა რეჟისორებზე რას იტყვით, ბოლოდროინდელი ფილმებიდან რომელს გამოარჩევდით?

-სამწუხაროდ ბევრი ფილმი დამრჩა უნახავი. რაც ვნახე მათში გამოვარჩევდი გ. ოვაშვილის „გაღმა ნაპირს“, ლ. კოღუაშვილის „ქუჩის დღეებს“, ზ. ურუშაძის „ მანდარინებს“. ეს უკანასკნელი ცალკე გარჩევის საგანია. მე მახსენდემა მოჭადრაკე ფიშერი, რომელიც ძალიან გამოცდილ მოჭადრაკეებთან თამაშობდა ძალიან მარტივი, – თითქოს, მარტივი სვლებით, მაგრამ იგებდა პარტიებს. რატომ გავიხსენე ურუშაძის ფილმთან ეს ისტორია. ფილმი კარგია, მსახოიბებიც შესანიშნავად თამაშობენ, თუმცა სცენარი ორდინალური და გაცვეთილია, მაგრამ რა ხდება? – მაყურებელს, თითქოს, უკვე წარმოუდგენია როგორ განვითარდება სიუჟეტი, სცენარისტი კი ისეთ ფრაზას ათქმევინებს მსახიობს, რომ სიტუაცია აბსოლიტურად იცვლება. იცით როგორ ვითარდება ფილმის სიუჟეტი? – წყალს რომ დაასხამ მიწაზე და თვითონ პოულობს გზას.. და ამას დიდი ოსტატობა და გამოცდილება უნდა. მართლა წყალი კი არ არის… მე ვიტყოდი, რომ „მანდარინები“ აბსოლოტურად ახალი ფორმაა.

ძალიან მომწონს ასევე გელა კანდელაკი. ალბათ, არიან სხვა საინტერესო და ნიჭიერი რეჟისორებიც, მაგრამ მეტს ვერ ვიხსენებ.

-თქვენი ფილმი „ზოგი ჭირი მარგებელია“ დღეს რომ გადაგეღოთ, რა იქნებოდა მთავარი თემა?

– არა, ამ ფილმს მეორედ არ გავაკეთებ. არც მიფიქრია მისი თანემედროვე ცხოვრებაში გადმოტანა.

 რატომ? – არ შეიძლება, რომ დღესაც იყოს ზოგი ჭირი მარგებელი?

-არა, პირიქით, – თანამედროვე ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება იყოს… დიახ, ყველაფერი და ყველა ფერი….

 

ავტ. ეთერ მონასელიძე

წყარო: sazogadoeba.ge

2014 წელი